"ბარსელონა" და "რეალი" ესპანეთის სუპერთასის მოგებისთვის იბრძვიან. "კამპ ნოუს" დახმარებით შესაძლოა "ბარსამ" გვარდიოლას ერაში მეთერთმეტე თასი აღმართოს.
სამი დღის წინ გაგორებული ფრის შემდეგ, გუნდები კიდევ ერთ "კლასიკოს" შემოგვთავაზებენ.
მცირე უპირატესობა
"ბერნაბეუზე" დასრულებული ფრე იმის მანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. თუმცა ვილიასა და მესის გოლების წყალობით მოურინიოს შეგირდებს მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც სჭირდებათ (თუ თავად კარს მშრალად შეინახავენ), თუ მათ სურთ, რომ "ბარსამ" ზედიზედ მესამედ არ აღმართოს სუპერთასი. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ საკუთარ ნახევარზე ჩაკეტვა და დაცვაზე თამაში გვარდიოლას სტილი არ არის. ამიტომ დღეს უამრავ გოლს უნდა ველოდოთ.
საიდუმლო თერთმეტეული
"ბარსა" საწყისი თერთმეტეულის ვინაობას თამაშის დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე გაახმაურებს. ჩავიმ, პიკემ, ბუსკეტსმა და პედრომ პირველი შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყეს და გამორიცხული არაა, რომ დღესაც იგივე განმეორდეს. შესანიშნავი დებიუტის შემდეგ, ყველა იმაზე ფიქრობს მოგვევლინება თუ არა ალექსის სანჩესი დღევანდელ შეხვედრაში.
და მაინც, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს სესკ ფაბრეგასი, რომელმაც გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და შესაძლოა, რომ დღეს მისი დებიუტი შედგეს. თუ ასე მოხდება, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მას განსაკუთრებულად მიესალმება "კამპ ნოუ".
გაუმჯობესებული მადრიდი
მოურინიოს მხარე დარწმუნებულია, რომ დღეს "კამპ ნოუს" დადუმება ძალუძთ. კვირას მათ უკვე აჩვენეს, რომ ისინი გამოწვევისთვის მზად არიან და შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, მაშინ, როცა "ბარსას" ზოგიერთი ფეხბურთელი არდადეგებიდან რამდენიმე დღეა რაც დაბრუნდა.
სუპერთასი ნომერი ათი
თუ დღეს "ბარსა" გაიმარჯვებს, ისინი მეათედ გახდებიან სუპერთასის მფლობელნი. აღსანიშნავია ისიც, რომ სუპერთასის ბოლო ორი ფინალში სწორედ "ბარსა" გამოვიდა მოგებული. წინა წლებში "ბლაუგრანელებმა" "ბილბაო ატლეტიკის" და "სევილიას" დამარცხება შესძლეს. თუმცა კატალონიელებს კარგად ესმით, რომ ამჯერად მარტივი გასეირნება არ ელით. სხვათაშორის ესპანეთის სუპერთასის ფინალში, სადაც "ბარსა" და "რეალი" ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, გამარჯვებულები ყოველთვის მადრიდელები გამოდიოდნენ. თუმცა, თუ ეს ცუდი ტრადიცია დღეს დასრულდება, მაშინ გამოვა, რომ გვარდიოლას მენეჯერობის პერიოდში გუნდმა შესაძლო ოფიციალური 14 ტურნირიდან 11–ში გამარჯვება შესძლო.
|