ეს ძირითადად მატჩის მიწურულს ხდება ხოლმე, როდესაც ტაბლოზე მოციმციმე ციფრები ''მადრიდის რეალის'' კიდევ ერთხელ დამარცხებას იუწყებიან. ამ დროს ყველა მოუთმენლად ელის მატჩის დამთავრების მაუწყებელ სასტვენის ხმას. სასტვენის ხმა მართლაც ისმის, მაგრამ სრულიად სხვა მიზეზის გამო. ჯარიმა! ''რეალის'' ფეხბურთელმა დაუნდობლად ''მოჩეხა'' ''ბარსელონას'' ფეხბურთელი! მწვანე მინდორზე ხან ლეო მესი წევს და ტკივილისგან იტანჯება, ხან - სესკ ფაბრეგასი და ა.შ.
წითელი ბარათის მიღებით გამოწვეულ ბოღმას ბევრი ცუდის გაკეთება რომ შეუძლია, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. და აი, იწყება ხელჩართული ბრძოლა: ''რეალი'' vs ''ბარსელონა''. მოედანი თვალის უსწრაფესად ბრძოლის ველად გადაიქცევა და ნერვების დაოკებას უკვე ვერც ''ბარსას'' ფეხბურთელები ახერხებენ. ტრიბუნებიდან გამამხნევებელი შეძახილები ისმის: vamos muchachos! ერთი სიტყვით, ისეთი ამბავია დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში. ჭითელი ბარათების რიცხვი თანდათან იზრდება. უკვე პუიოლიც ძირს აგდია, მას ერთ-ერთმა თანამემამულემ გაშლილი ხელი უთავაზა სახეში, ამით კიდევ უფრო იძაბება ისედაც დაძაბული სიტუაცია. პინტო რისი პინტოა, თუ ამხელა ჩხუბში ერთხელ მაინც არ გაიქნია ხელი.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრძოლაში ''რეალის'' გაიძვერა მწვრთნელიც ერევა ( მისგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს კაცს), ტიტო ვილანოვას საკმაოდ ცნობილი ''საბრძოლო ილეთით უსწორდება, რის შემდეგაც ტიტო კინაღამ თვალის გარეშე რჩება. გადის რამდენიმე წუთი და თანდათან ყველაფერი მშვიდდება. დიახ, დამთავრდა როგორც იქნა, მატჩი კი არა ჩხუბი! მაგრამ ეს მხოლოდ ახლა, წინ კიდევ ბევრი კლასიკო გველის. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ორ კლუბს სულაც არ სჭირდება კლასიკო ურთიერთობის გასარკვევად, ისედაც ''კარგად'' ახერხებენ.
მოედანზე ჩხუბი უკვე ტრადიციად იქცა, სამარცხვინო ტრადიციად, რაც ნამდვილად არ არის მოსაწონი. ასეთ სცენებს უკვე ქართულ ბარლამენტსა და ქორწილშიც აღარ ვხვდებით და ცოტა არ იყოს სირცხვილია, როდესაც ამხელა გუნდები მილიონობით მაყურებლის წინაშე მუშტებს უქნევენ ერთმანეთს.
იმედია, ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან გამოსწორდება. კარგი იქნება თუ ფეხბუთელები საკუთარი თავის კონტროლს და ეღთმანეთის პატივისცემას ისწავლიან. ფეხბურთი არ უნდა გასცდეს ფეხბურთის საზღვრებს. ბოლოსდაბოლოს, მაყურებელ ლამაზი ფეხბურთის ხილვა სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სტადიონის ნაცვლად კორიდაზე ან კრივის საყურებლად წავიდოდნენ.